Paჯები

Tuesday, September 28, 2010

* * *

მიყვარს, ვამბობ და მთავრდება ლექსი,აი რისი თქმა მინდოდა მარტო,
მაგრამ მე მინდა რომ ვიყო თოვლი, ქარმა სუსხიან ქუჩებში მფანტოს.

ისევ აგუბებს ეს ნოემბერი ძველ წვიმებსა და ტკივილებს ახალს
დარჩი ნუ წახვალ, ასე მგონია მერე ერთმანეთს ვერასდროს ვნახავთ
შუაში გვიდგას მთელი სამყარო, გვიზომავს მანძილს არშინდადებით
მე კი თოვლი ვარ, შენსკენ მოვდივარ და უხმაუროდ მხრებზე გადნები
ჩამოგიგროვებ მხრებიდან ფიფქებს და სიყვარულის ფარული გესლით
პირველი თოვლის მისალოც გუნდას, პირველად სხვათა ფანჯარას ესვრი
და უცებ,ცივად შეკრთება სული,ქვეყნად მარტო რომ დიდხანს ეხეტა
რა იქნებოდა რომ იმ ფანჯრიდან, იმ სხვის მაგივრად გადმომეხედა

მაგრამ მიყვარხარ... უნდა მეთქვა, და აი რისი თქმა მინდოდა მარტო
შენ კი არ გესმის, მიხვალ სახლში და ჩამოიფერთხავ დათოვლილ პალტოს
გამახსენდება როგორ მომწონდა, როგორ მეწადა მე ეს ქვეყანა
რომელსაც სურდა სიყვარულიც კი თავს ნაცარივით გადამეყარა
ვექციე მარად ერთგულ მსახურად, მთელი სხეულით, გულით,გონებით
მაგრამ მონობა არის სასჯელი და სულ ერთია რას ემონები
მიწას თუ ზეცას
ზეცას თუ მიწას
როგორც ერთურთის ცასა და ექოს
მე მინდა წვიმის ზარად ვეკიდო და ნოემბერმა გუგუნით მრეკოს.
შენი ფანჯრის წინ გაგიფრენ ისევ, ყვითელ ფოთლების უთვალავ უსტარს
მაგრამ ოდესმე მყავდი თუ არა, მე დღეს ესეც კი არ მახსოვს ზუსტად
გადავიღალე შენი ლოდინით, ჩაქრა იმედის ჭიაკოკონა
რომ ისევ ისე დავეწაფები შენს ბაგეებზე დაღვრილ შოკოლადს
მწყურიხარ, მსურხარ, რაღაც სხვა ძალით
ძალზე მარტივად,ურცხვად და შიშვლად
მომხედე თორემ ეს ნოემბერი გადაუღებელ წვიმებზე მნიშნავს.
ასე მინდორში იღვრება ქარი და აღარ უნდა იქროლოს მეტად
ასე ამჟღავნებს წამოცდენილი სიტყვა, ყველა მთავარ და არსებით დეტალს
ასე ფოთლები ცვივიან თქორში და იზომავენ მიწამდე მანძილს
ასე გამოაქვთ მზის სინათლეზე, საუკუნეთა მტვრიანი განძი.
კი არ ვტირივარ წვიმა მეხლება, ვით ნაპირს ცივი, ჯიუტი ტალღა
ვტირივარ? ფანჯრის მინაზე მოკიდებული ყინული გალღვა
კი არ ვტირივარ გადახსნილი მაქვს მთრთოლავი სისხლის ყოველი არხი
და ვკვდები, რადგან მთელი ქვეყანა, ერთ შეყვარებულ თვალებად არ ღირს
და მუდამ ენდე თუ რა გირჩიოს შენში მბრდღვინავმა ნადირის გეშმა
რადგან ერთია რას ემონები
მიწას თუ ზეცას,
ზეცას თუ მიწას
ამიტომ მინდა ზარად ვეკიდო ჩამოხეული ნოემბრის ღრუბლებს,
და იქ მიწაზე მიცდიდეს ვინმე თუნდაც პატარა, დამშრალი გუბე
თორემ ძნელია ასე ცხოვრება, როს ყოველ ბალახს ყვავილი შვენის
შენ კი დახვალ და დედამიწაზე ერთი გუბეც კი არ არის შენი.
მაგრამ მიყვარდი და ამიტომაც, მუდამ განწირულს არასდროს მშურდა
რომ სხვა გიყვარდა, რომ სხვას ეტრფოდი
რომ სხვის ფანჯარას ხვდებოდა გუნდა

No comments:

Post a Comment